ექსპერტი დავით ჩიხელიძე ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოკითხული გელა კახაბრიშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე.

„ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ტერორისტული აქტის მომზადებასა და სახელმწიფო გადატრიალების ეხება. ოპოზიციური არხები, ოპოზიცია და გამოკითხული პირები თითქმის ერთი კვირის განმავლობაში მალავდნენ, რომ საქმე ტერორიზმის მუხლით იყო აღძრული. ახლა კი ირკვევა, რომ ტერორისტული აქტი მზადდებოდა როგორც ბიძინა ივანიშვილის, ისე “ქართული ოცნების” ლიდერების წინააღმდეგ. მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, მაგრამ რადგან ოპოზიციური მედია დუმს, ეს ნიშნავს, რომ ტერორისტული აქტის მომზადების საქმეს ოპოზიციასთან მჭიდრო კავშირი აქვს…

ვხედავთ სასოწარკვეთილ ოპოზიციას, რომელმაც იცის, რომ არჩევნებში ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს და ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ყველაფერზე მიდის, მათ შორის, ტერორისტულ თუ რევოლუციურ სცენარებზეც“, – წერს დავით ჩიხელიძე “ფეისბუკის” გვერდზე.