„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ირონიული პოსტით ეხმაურება.

„ერთმანეთს ასწრებენ უკვდავი კინოშედევრის – „მიმინოს” იმ ეპიზოდის „რიმეიკში”, სადაც ბრალდებულ ვალიკო მიზანდარის მეგობარი რუბიკ ხაჩიკიანი, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, ყოველი მომდევნო ჩვენებით “ძირავს” თავის ძმაკაცს.

“ჰქონდა ბრალდებულს პირადი სიძულვილი დაზარალებულის მიმართ?“ – ეკითხება პროკურორი. კიო, – ისეთ პირად სიძულვილს გრძნობდა, რომ „даже” საჭმელსაც არ ეკარებოდაო. ანუ, იცნობდაო?  – არ ეშვებოდა პროკურორი. “ვაჰ, ეს ინჩეს ასუმ”, – უკვირდა ვართანოვიჩს, – საიდან იცნობდაო? პირველად ვხედავო. მაგრამ ჭაღი გაუტეხაო, – არა, ეგ კი, რატომ უნდა უარვყო, წასვლისას „შემთხვევით” სკამით გამოჰკრაო…

იმავე „რიმეიკებითაა” დაკავებული დღეს ნიკა „ახალი” გვარამია, რომელსაც არც ღვინოში აღარ მოუშარდავს თურმე და არც ქართველი მშრომელი კაცის მიერ რუსეთში ვაშლის გატანა გაუპროტესტებია. დღეს ბაღ-ვენახში დარბის და გლეხების გასაგონად – “არისტაფან, არისტაფან! გეხუმრე, კაცოს“  ბღავის და, მეტი დამაჯერებლობისთვის, რუსეთის ბაზრის შესახებ „я люблю тебя, Россия-ს” მღერის.

ხოლო, როგორ „გაუხარდათ” ტრამპის გადარჩენა “ნაცებს” და მათ ახალ „თავმჯდომარე” თიკა ბოკუჩავას, ეს უკვე ერთდროულად ორი ფილმის „რიმეიკია”. შეძახილით  – „აქამდე ერთი-ორი ტრამპი არ უნდა გვყოლოდა” და „მე ყოველთვის ვამბობდი – ერთი-ორი ტრამპი აუცილებლად უნდა გვყოლოდა-მეთქი”, ბოკუჩავამ რესპუბლიკელთა ყრილობაშიც კი მიიღო მონაწილეობა, სადაც ამერიკელების ყურადღება მიიპყრო ხმამაღალი შეძახილებით: “ბაიდენს რააა???”

მოკლედ… გულისამრევია ეს ყველაფერი. განსაკუთრებით, საკუთარი მოსახლეობის დემენციით დაავადებულ ოლიგოფრენებად წარმოჩენის მცდელობა. “ზამთარში! ზამთარში!” – წერს დავით ქართველიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.