პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება და ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ჯგუფებს მიმართავს.
„მივმართავ რადიკალურ ჯგუფებს: რაიმე არ გაბედოთ, თორემ ქართული საზოგადოების რისხვას მიიღებთ!
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლებით გამოძიებას აწარმოებს. მიმდინარეობს გამოკითხვები.
სავარაუდო ფიგურანტები ჟურნალისტებთან კომენტარებში ერთი კვირა მალავდნენ, რომ საქმე ამ მუხლებით მიმდინარეობდა. გუშინ კი, ან წამოსცდათ, ან აღიარეს, რომ საქმე ეხება ტერორისტული აქტის მომზადებას “ქართული ოცნების” ლიდერებისა და პარტიის საპატიო თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ მალავდნენ გამოკითხული პირები, მათი ადვოკატები და ოპოზიციური მედია ამ გარემოებას? ის, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, ფაქტია. ყველაფერზე რომ არიან წამსვლელები, არც ამაში გვეპარება ეჭვი.
დარწმუნებული ვარ, საგამოძიებო უწყება გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს და საზოგადოებისთვის ეს შეთქმულება ნათელი გახდება!“ – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.