“სამწუხაროდ, უკანასკნელ 3 თვეში ფიცოს, ვუჩიჩის, ორბანის, რაისის, ტრამპის მიმართ განხორციელებული ტერაქტების თუ ირაკლი კობახიძის მიმართ გაჟღერებული გაფრთხილების ფონზე, დღეს ბიძინა ივანიშვილის მიმართ მსგავსი ჩანაფიქრის ხორცშესხმაზე გაჟღერებული ინფორმაცია აღარ წარმოადგენს რაიმე კონსპიროლოგიურ თეორიას. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ტერორის, სანქციებით უშედეგო დაშინების შემდეგ, “გლობალური ომის პარტიის” კულუარებში უკიდურეს ზომებზე წასვლაც განიზრახეს”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

„ბოლო დღეებში ვიგებთ ინფორმაციას “მოდულის” შენობაში სახელმწიფო გადატრიალებასა და ტერორისტული აქტის მომზადების სისხლის სამართლის საქმეებზე ამა თუ იმ ფიგურანტის დაკითხვის შესახებ. თვით ეს პირები და მათი ადვოკატები, თავდაპირველად, “ტერორიზმის მუხლზე” ინფორმაციას მალავდნენ, თუმცა ერთ-ერთი ფიგურანტის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დღეს ღიად განაცხადა, რომ საუბარია (მათ შორის) ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის მომზადებაზე.

საკითხავიც არაა, რატომ მალავდა “ტერორიზმის” მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ფიგურანტთა გამოკითხვის გარემოებას რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია და რატომ მალავდნენ ამას თვით გამოკითხული პირები და მათი ადვოკატები. რომელიმე სექტანტის სახეზე გაჩენილი ნაკაწრი სწორედ ამ მედიების მიერ “ჟურნალისტური გამოძიების” მრავალდღიანი შოუების ეპიცენტრში ხვდება ხოლმე.

თუ “პენსილვანიამდე” ყველა ჩამოთვლილი შემთხვევა “მოთელვა” იყო, ტრამპზე თავდასხმა, დიდი ალბათობით, ან საიდუმლო სამსახურის უშუალო მონაწილეობით, ან დანაშაულებრივი დაუდევრობით განხორციელებული, “გლობალური ომის პარტიის” მიერ კუდის უკანასკნელი სისხლიანი მოქნევის პირდაპირი ნიშნის ტოლფასად შეგვიძლია განვიხილოთ: ანუ ხიდები აფეთქებულია, დასაკარგი აღარაფერია; უკვე შეგიძლიათ, ყველაფერზე წახვიდეთ. ამიტომაც ვიმეორებ: არანაირი მოდუნება. მაქსიმალური საზოგადოებრივი სიფხიზლე. სპეცსამსახურებისა და პოლიციის აქამდე უპრეცედენტო მობილიზაციაზე ხომ აღარაფერს ვამბობ!“ – წერს დავით ქართველიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.