უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ “ATV Hírado-თან” ინტერვიუში უნგრეთის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უნგრეთი დაბლოკავს ევროპის მშვიდობის ფონდის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილ, 6.5 მილიარდი ევროს ოდენობის პროგრამას და ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ უკრაინა უნგრეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს.

მისივე თქმით, ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულებაში ნათლად წერია, რომ უკრაინას არ შეუძლია, სრულებით ან ნაწილობრივ შეუშალოს ხელი ევროკავშირის ქვეყნებში მისი ტერიტორიის გავლით ენერგორესურსების ტრანზიტს.

სიიარტო მიიჩნევს, რომ ევროკომისიას გაუჭირდება ამ საკითხში უკრაინის მხარდაჭერა, თუმცა, ოფიციალური პირის თქმით, უნგრეთი ევროკავშირისადმი მხოლოდ ერთი საჩივრით არ შემოიფარგლება.

„მე გასაგებად ვთქვი, რომ სანამ უკრაინასთან ეს საკითხი არ გადაიჭრება, ყველამ უნდა დაივიწყოს ევროპული სამშვიდობო პროგრამიდან იარაღის მიწოდებისთვის 6.5 მილიარდი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა, რაშიც წვლილი შეგვაქვს იმ დროს, როცა უკრაინა საფრთხეს უქმნის ჩვენი ენერგომომარაგების უსაფრთხოებას.

მჯერა, რომ სიტუაცია აქ კრისტალურად ნათელია და ევროკომისიამ ნამდვილად უნდა მოახდინოს ზეწოლა უკრაინაზე, რათა კიდევ ერთხელ დაუშვას “ლუკოილის” ნავთობის მიწოდება უკრაინის გავლით“, – აცხადებს პიტერ სიიარტო.