„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური ჯგუფებისა და ხელოვანების ნაწილის გაერთიანების შესახებ ისაუბრა.
„გუშინ დაფუძნდა ორგანიზაცია “ნორჩი “ნაციონალი”, სადაც, ისედაც ვიცოდით, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებულნი (ანუ, ცალკეულ ორგანიზაციებში, და ახლა ისინი გააერთიანეს). აქედან ერთ-ერთი – შეგახსენებთ – არის ვინმე მანაგაძე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურობდა „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ და მან საკუთარი დედის მიმართ გამოიყენა სიტყვა “ამორალური”, რაც შემდეგ მოიწონეს „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა, მათ შორის, “ნაცმოძრაობის” კუთვნილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა. ეს იმას ნიშნავს, რომ პავლიკ მოროზოვის მორალური ღირებულებები არის ის, რასაც ეფუძნება კოლექტიური “ნაცმოძრაობა”. წარმოიდგინეთ, გაემიჯნა საკუთარ დედას და ეს მერე მოუწონეს კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა.
ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, თუ რა ღირებულებებზე დგას ლიბერალური ფაშიზმი, კოლექტიური “ნაცმოძრაობა” და რა ღირებულებებზე დგანან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. აქედან გამომდინარე, სერიოზული არ არის ეს გაერთიანება. ისედაც იცოდა ყველამ, რომ ისინი იყვნენ ნორჩი “ნაციონალები”. ისინი, უბრალოდ, მანამდე დაყოფილნი იყვნენ რამდენიმე ჯგუფად და დღეს ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.