“დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს დასავლელ კოლეგებთან, ამ უმძიმეს საქმეს ბოლომდე მიიყვანს და გამოავლენს ყველა კრიმინალსა და საქართველოს მტერს”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
„სამწუხაროდ, ლიბერალური ფაშიზმის ექსტრემისტული გამოვლინებები გლობალური სენია, განსაკუთრებით, დასავლეთში. სუს-ი, ეფექტიანი ოპერატიული პრევენციულ-პროფილაქტიკური და საგამოძიებო მოქმედებებით, მოწოდების სიმაღლეზეა და, სამართალდამცველ სისტემასთან ერთად, არ დაუშვებს ჩვენს ქვეყანაში ანტისახელმწიფოებრივი აქტების გაღვივება-წახალისებას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია ქვეყანაში არეულობის მოწყობისა და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა”, – წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.