საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილე ლინგ ძისთან შეხვდა.
„ჩვენ და ჩვენს ჩინელ პარტნიორებს კარგად გვაქვს გააზრებული ის შესაძლებლობები, რომელსაც ქმნის ჩვენი თანამშრომლობა.
ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა კომერციის სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოსთან ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს. ამ შეხვედრაზე განხილულ იქნა აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებს.
ძალიან დიდი სიხარულით მინდა ვთქვა, რომ ჩინეთი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას, რომელიც გააჩნია საქართველოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნები ტერიტორიის მასშტაბით განსხვავდებიან და ეკონომიკები აბსოლუტურად სხვადასხვა ზომის არის, ისინი ხედავენ იმ პოტენციალს, რომელიც გააჩნია საქართველოს;
როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული საქართველოს გეოსტრატეგიული მდგომარეობა, როგორ შეიძლება, ხელი შეეწყოს საქართველოში ბიზნესის წარმოებას და ქართველი ბიზნესმენებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის, დამატებით, სამუშაო ადგილების შექმნას, და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ და ჩვენს ჩინელ კოლეგებსა და პარტნიორებს კარგად გვაქვს გააზრებული ის შესაძლებლობები, რომელსაც ქმნის ჩვენი თანამშრომლობა.
რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ სხვა სახელმწიფოებთან მიმართებითაც გვაქვს კომუნიკაცია, რომლებიც მონაწილეობენ შუა დერეფნის პროექტის განხორციელებაში და ვისაუბრეთ ამ პროექტების დეტალებზე. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ დინამიკურად ვითარდება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, მაგრამ ვხედავთ შესაძლებლობებს, ვხედავთ იმ საკითხებს, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებულია და რაზეც უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ამ თანამშრომლობის შედეგები“.
“ქართული ოცნების” დელეგაცია, რომელსაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტს 20 იანვარს დაასრულებს.