„ჰელსინკის კომისიას რამე დოკუმენტები რომ ჰქონოდა, თავიდანვე გამოამზეურებდნენ და თან სამართლებრივ უწყებებს მიმართავდნენ. ხელისუფლება ამ საკითხში ცამდე მართალია, ხოლო კეზერაშვილთან მიმართებით ქოლ-ცენტრების საქმეზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით არაერთი დაკავებული პირი და გერმანიის პროკურატურასთან წარმატებული კოლაბორაცია ვიხილეთ“, – განაცხადა  „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ ჰელსინკის კომისიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც – „თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა“.

„ჰელსინკის კომისიის განცხადება ცალკე, განყენებულად არ უნდა წარმოვიდგინოთ. ეს იმის  ნაწილია, რაზეც ჩვენს პარტიას, „ხალხის ძალასაც“ არაერთხელ უსაუბრია, რომლის მიხედვითაც, კულისებიდან სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ძალიან დიდი ბრძოლა მიდის. სწორედ ამის დემონსტრირება იყო ჰელსინკის კომისიის უსაფუძვლო ბრალდებაც იმ ქოლ-ცენტრებზე, რომლებთან დაკავშირებითაც BBC-ის გამოძიებით მთელი მსოფლიო იცნობს „მისტერ ოფშორს“ – ბატონ კეზერაშვილს. ამ ფონზე კი, გვიბრუნდებიან და გვეუბნებიან, რომ ხელისუფლება ქოლ-ცენტრების ფულით ფინანსდება და მას ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებსო. მსგავს მაგალითად მახსენდება შემთხვევა, როდესაც ქართველი მოსამართლეები დაასანქცირეს ვითომ კორუფციის გამო, თუმცა დეტალებზე არავის უსაუბრია – თქვენ თვითონ გამოიძიეთო. ჰელსინკის კომისიის განცხადებაც ანალოგიური თემაა – ყოვლად უსაფუძვლოდ, არანაირი მტკიცებულებით, უსაფუძვლო ბრალდებას ავრცელებენ.

ცდილობენ, რომ კარდინალურად შემოატრიალონ ქოლ-ცენტრების ბინძური საქმე, რომელიც რადიკალური ოპოზიცის დამფინანსებლის, კეზერაშვილის კისერზეა და თუ ის დამნაშავეა და ამაზე საერთაშორისო გამოძიება საუბრობს, ახლა როგორმე ხელისუფლებას ამართლებინონ თავი. ხელისუფლებას კი თავის მართლების რეჟიმში არ მოუწევს ჩადგომა, რადგან ეს სრულად პოლიტიკური განცხადებაა.

ასე რომ, ზუსტად ქოლ-ცენტრების შავი ფულით ფინანსდება ოპოზიციის ნაწილი და ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს”,- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.