“რუსული საქმე არის ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინა და ეს ფაქტი, ეს მოცემულობა, ეს უმძიმესი ვითარება შექმნა საქართველოში – ოკუპაცია, ლტოლვილები, დაღუპული ქართველი, მშვიდობიანი თუ სამხედრო პირები, ახალი გამოწვევები, რომელიც საქართველოს წინაშე ამ სამხედრო-პოლიტიკური კატასტროფის შედეგად მივიღეთ”, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას.

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რომ რუსეთს ყველა საერთაშორისო დავა ჰააგაში და სტრასბურგში მოუგო. ეს მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გარდა ამ ომის სამარცხვინოდ დასრულებისა, მოახერხა ის, რომ ისეთ რეზოლუციებს დაუჭირა მხარი, რომელიც ქართულ ჯარს ადანაშაულებდა, ისეთ საერთაშორისო საგამოძიებო დასკვნას დაეთანხმა, რომელიც სწორედ ქართულ მხარეს სდებდა ბრალს, რომ მან მისცა ლეგიტიმური, სამართლებრივი საშუალება რუსეთს, რომ შემოჭრილიყო და აგრესია განეხორციელებინა. ეს არის ის დანაშაულებრივი ჯაჭვი, რომელიც ომამდე, ომის დროს და ომის შემდეგ განხორციელდა. ამიტომ, აქ ჩვენ რუსეთის მხარეს ახალს კი არ ვამბობთ, ეს სამართლებრივად არის სამწუხაროდ მთელ რიგ დოკუმენტებში მათი ხელმოწერით დაფიქსირებული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

მანვე აღნიშნა, რომ აუცილებელია „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს მიეცეს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, რათა ქვეყანა არ დადგეს სამხედრო-პოლიტიკური კოლაფსის წინაშე.

 

„ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, რომ ჩვენ ქვეყანაში ასეთი რამე აღარ განმეორდეს და აღარ გამეორდება და აღარ გამეორების შანსი იქნება ძალიან დიდი, როდესაც ამას და ამის ჩამდენებს შესაბამისი პოლიტიკური და თუ საჭირო გახდა სამართლებრივი პასუხი ექნებათ გაცემული. ეს არის და ეს. ამიტომ, ის, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ რაღაცნაირად თავი დააღწიოს პასუხისმგებლობას და კიდევ ერთხელ, მათი პოლიტიკა მიმართული იყო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რომ ჩვენც ჩავრთულიყავით ამ ომში, ის ისტორია დღეს უნდოდათ გაემეორებინათ და ამაზე რომ ეუბნები, რომ შენ ჯერ იმაზე გაქვს პასუხი საგები და ის დაგვავიწყე და ახლა აქ ახალი პრობლემის წინაშე და ახალი კატასტროფის წინაშე გინდა საქართველოს დაყენება – ამაზე აქეთ პროტესტი უჩნდებათ. ამიტომ არის ყველა ამ საკითხზე პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება გასაკეთებელი. ჩვენ დავინახეთ, რომ 2008 წლიდან, დაახლოებით უკვე 14-16 წლის თავზე, მათ ეს მცდელობები კიდევ ახლიდან წამოიწყეს და საქართველო დღეს, რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომ ყოფილიყო მათი ხელისუფლების პირობებში დღეს კიდევ ახალ უბედურებაში და სამხედრო-პოლიტიკურ კოლაფსის წინაშე იქნებოდა დამდგარი. ამიტომ, სანამ ამას არ მიეცემა ქვეყნის შიგნითაც შესაბამისი შეფასება, მუდმივად იქნება ასეთი რეციდივის მქონე პოლიტიკური ძალები, რომლებიც საქართველოს ყოველთვის ასეთი საშიშროების და საფრთხის წინაშე დააყენებენ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.