“შემაშფოთებელია, როდესაც ვხედავთ აშშ-ის სენატსა თუ კონგრესში საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით მოსაუბრე ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ არანაირი ლეგიტიმაცია”, – აღნიშნა ბრიუსელში ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა. ამ შეფასებით ის სენატში დაგეგმილ დღევანდელ მოსმენას გამოეხმაურა, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მომხსენებლად იყო მიწვეული.
„ქართული ოცნება“ არსებობს იმისთვის, რომ გიგაურისა და მისი მსგავსი ადამიანების ოცნება კი არ ახდეს ამ ქვეყანაში, ქართველი ხალხის სურვილებს მიეცეს შესაძლებლობა, რომ შესრულდეს. ეს არის: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, უსაფრთხოება და მშვიდობა საქართველოში და სტაბილური განვითარების შესაძლებლობა. გიგაურის ოცნებები მიმართულია სწორედ იმის წინააღმდეგ, რასაც ჰქვია საქართველოში მშვიდობა, სტაბილური განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, ევროკავშირში ინტეგრაცია. იმის აღსრულების შესაძლებლობას, რაც გიგაურსა და მის მსგავს ადამიანებს სურთ, ნამდვილად ვერ მივცემთ.
საქართველოს ჰყავს ხელისუფლება და, თუ ვინმეს აინტერესებს, რა ხდება საქართველოში და რა სურს ქართველ ხალხს, პირველ რიგში, კითხვები უნდა დაუსვან საქართველოს ხელისუფლებას და არა იმ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ ორი ადამიანის მხარდაჭერაც კი საქართველოში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.