თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი, 2024-2025 სააღმზრდელო წელი 16 სექტემბერს დაიწყება და სკოლამდელი განათლების მუნიციპალური სერვისებით წელს, 190 საბავშვო ბაღში, 62 000-მდე აღსაზრდელი ისარგებლებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება. 16 სექტემბერს გაიხსნება ოთხი საბავშვო ბაღის ახალი შენობა: N19 საბავშვო ბაგა-ბაღი დიდუბის რაიონში, N124 საბავშვო ბაგა-ბაღი ისნის რაიონში; კრწანისის რაიონში N71 და ჩუღურეთის რაიონში N2 საბავშვო ბაგა-ბაღების სრულად რეაბილიტირებული შენობები, რომლებსაც კონტინგენტი დაუბრუნდება ალტერნატიული ფართებიდან.

სექტემბრის ბოლოს კი გაიხსნება ახალი N30 საბავშვო ბაგა-ბაღი ისნის რაიონში.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია დედაქალაქში სკოლამდელი განათლების საჯარო სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ, ამ მიზნით აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა და ახალ სააღმზრდელო წელს ვხვდებით 5 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღით. ახალი ბაღების მშენებლობით, ახალი სააღმზრდელო წლისთვის შევძლებთ დამატებით 2000-მდე აღსაზრდელის მიღებას.

დღეის მდგომარეობით, 16 000-მდე აღსაზრდელმა გაიარა რეგისტრაცია და კვლავ გვაქვს თავისუფალი ადგილები ახალ ბაღებში, რაც ნიშნავს, რომ გარკვეულ უბნებში სკოლამდელ განათლებაზე მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. გარდა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებისა, საკმაოდ შეზღუდულ დროში, სააგენტოსა და ბაგა-ბაღების ადმინისტრაციების ძალისხმევით განხორციელდა და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ინტენსიური და უწყვეტი სამუშაო პროცესი იმისთვის, რომ ჩვენს პატარებს სათანადოდ კეთილმოწყობილი გარემო დახვდეთ თავიანთ ბაღებში”, – აცხადებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, 12 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობას (N215, N63, N112, N198, N54, N15, N76, N160, N129, N27, N192, N153) უტარდება სრული განახლების სამუშაოები.

“ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისში ამ ბაღების აღსაზრდელებს დახვდებათ განახლებული ინტერიერი, ასევე ფასადები და რიგ შემთხვევებში, განახლებული გარე სივრცეები. აღნიშნული სამუშაოები სააგენტოს მიერ გასულ წელს დაწყებული “განახლების პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება.

ყოველწლიურად, ამ პროგრამის ფარგლებში შეირჩევა საბავშვო ბაღები, რომლებსაც განსაკუთრებით ესაჭიროება ინფრასტრუქტურის განახლება და ეტაპობრივად გამოიყოფა თანხები ამ პროექტების განხორციელებისათვის”, – ამბობს კახა აბულაძე.

12 საბავშვო ბაგა-ბაღის სრული განახლების გარდა, 100-ზე მეტ საბავშვო ბაგა-ბაღში დაფინანსდა და განხორციელდა ინტერიერის სარემონტო სამუშაოები. ამ პროექტებისათვის, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი იხარჯება.

“სიახლეები გვექნება მეთოდოლოგიური ინვენტარის განახლების კუთხითაც. ჩვენს პატარებს სექტემბრიდან ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაიხარჯა,” – აცხადებს კახა აბულაძე.

მისივე განმარტებით, მეთოდური თუ სხვა სახის ინვენტარის შეძენისას, ხდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრების კვლევა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიღების მიზნით.

რაც შეეხება ახალ მშენებლობებს, ავარიული შენობების დემონტაჟის შემდგომ, მიმდინარეობს თბილისის N6, N109 ბაღების მშენებლობები და ახალი ბაღის მშენებლობა ლილოს დასახლებაში, რომლებიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. გარდა ამისა, დედაქალაქის მერის მხარდაჭერით, უკვე მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები: N28 და N50 ბაღების მშენებლობა და N37 ბაღის რეაბილიტაციის პროცესი. მალე დაიწყება N43 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობაც. ამ ბაღების ექსპლუატაციაში მიღება მომავალი წლის ბოლოსთვის იგეგმება.

“მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, მუნიციპალიტეტისა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთვის პრიორიტეტული საკითხია პერსონალის მხარდაჭერა, ამ მიმართულებით ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაიგეგმა და აქტიურ ფაზაში შედის პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ღირსეული პერსონალის პროფესიულ გაძლიერებას. პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა და მათი პირობების გაუმჯობესება ჩვენი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამ კუთხით გადაიდგა გარკვეული წარმატებული ნაბიჯები მიმდინარე წელს და ეტაპობრივად დავაანონსებთ სიახლეებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აქტიურად ვემზადებით 2025 წლისთვის, მოგეხსენებათ იწყება ბაღების ავტორიზაცია და თბილისი, როგორც პერსონალის, ასევე ინფრასტრუქტურის კუთხით სრულად დააკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას”, – ამბობს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი.

კახა აბულაძე ბავშვთა კვების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით მიმდინარე სააღმზრდელო წელს ცვლილებები არ იგეგმება.

“რაც შეეხება ბავშვთა კვებას თბილისის საბავშვო ბაღებში, მენიუს თვალსაზრისით მიმდინარე სააღმზრდელო წელს ცვლილებებს არ ვგეგმავთ, მენიუ შემუშავებულია დარგის სპეციალისტების მიერ და სრულად აკმაყოფილებს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ სახელმწიფო მოთხოვნებს კვებითი უსაფრთხოების კუთხით, თუმცა, სპეციალისტებისა და ბაღების ადმინისტრაციების რეკომენდაციების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, სამომავლოდ განვიხილავთ გარკვეული ცვლილებების შეტანის შესაძლებლობასაც”, – აცხადებს კახა აბულაძე.