14 და 15 სექტემბერს, ფოთში პირველად საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ჩატარდება.
ფოთის კულტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, ფოკუსშია – ფოთი, როგორც კონცეპტუალური ფესტივალების ქალაქი. პროექტი 3 ნაწილისგან შედგება: ადგილობრივი კულტურის საწარმოების მხარდაჭერა, ფოთის საზღვაო ხელოვნების რეზიდენციის პროგრამა, კონცეპტუალური საზღვაო ფესტივალი.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სახელოვნებო, შემოქმედებითი, შემეცნებითი და გასართობი საფესტივალო აქტივობები-მასტერკლასები, გამოფენები, ინტერაქტიული სასწავლო აქტივობები, პერფორმანსები, ვიქტორინები, შეჯიბრებები, კონცერტები – ქეთი ფარესაშვილის და ჯგუფი,,ალეგროს“ მონაწილეობით.
ფესტივალზე ფოთს ეწვევიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან და საზღვარგარეთიდან მოწვეული არტისტები და კულტურის პროფესიონალები – ადგილობრივი სახელოვნებო სახელოსნოების გაძლიერებისთვის. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები რეგიონში მრავალფეროვანი და დინამიური კულტურული ლანდშაფტის შექმნას შეუწყობს ხელს.
ღონისძიება მიზნად ისახავს “EU4Culture” პროექტის მხარდაჭერით 2022 წელს შემუშავებული კულტურული განვითარების სტრატეგიების მდგრადობის გაძლიერებას. ფოთის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული გეგმები, ადგილობრივი შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობის გზით, რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებაზეა ფოკუსირებული.
დეტალური ინფორმაცია და ღონისძიების სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე:
https://tinyurl.com/bde9mrtz