„ვიწყებთ ახალ, ძალიან მასშტაბურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც, აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1 200 სამხედრო მოსამსახურეს. ეს არის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ჩვენი უდიდესი პატივისცემის გამოხატულება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
„თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეები კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან და ამის დასაფარად უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს. ბინები განაწილდება სულადობის პრინციპის შესაბამისად, – სამხედროები 50, 80 და 110 კვ.მ ფართობის ბინებს მიიღებენ.
მომავალშიც გაგრძელდება ეს პროექტი, ამას უზრუნველყოფს ჩვენი ახალი თავდაცვის კოდექსი და, ბუნებრივია, ასეთი ინიციატივები გააუმჯობესებს სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სოციალურ პირობებს, აამაღლებს სამხედროების მოტივაციას და გაზრდის სამხედრო სამსახურში ჩართვის სურვილს. ზოგადად კი, ეს ყველაფერი გააძლიერებს ქართულ ჯარს, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, – განაცხადა პრემიერმა.