ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 2024-2025 სასწავლო წელს სტუდენტების ახალი, მეხუთე ნაკადით ხვდება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, მათემატიკის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის სურვილი, კვლავინდებურად, საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე აბიტურიენტებმა გამოხატეს.
უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ქულათა მაღალი ბარიერი 300-მდე ახალგაზრდამ გადალახა და ამჟამად KIU-ში 1400-მდე სტუდენტი სწავლობს.
KIU, ტრადიციულად, აგრძელებს უნივერსიტეტების რეიტინგის სათავეში ყოფნას ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით და 19 სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის კვლავ პირველ ადგილს იკავებს.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველკურსელებს შორის არიან ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების საქართველოს ნაკრებისა და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების წევრები, ინოვაციების კონკურსების გამარჯვებულები და პრიზიორები. აღსანიშნავია, რომ KIU-ში ჩარიცხული სტუდენტების უმრავლესობამ (98.3%-მა), ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას, პირველ ან მეორე ნომრად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიუთითა.
უნივერსიტეტი, უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სტუდენტებს სხვადასხვა სახის დაფინანსებას და სტიპენდიას სთავაზობს. KIU-ში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი. სტუდენტები, დატვირთული სასწავლო პროცესის პარალელურად, აქტიურად იღებენ მონაწილეობას როგორც გაცვლით, ისე სტაჟირების პროგრამებში, ჩართულნი არიან სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, სტუდენტური სტარტაპებისა და ინოვაციების ხელშემწყობ საზაფხულო სკოლებში, კონკურსებსა და ოლიმპიადებში.
KIU ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ ინფრასტრუქტურას და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში.
KIU არის „green field university“, რომელიც წარმოადგენს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) ანალოგს და შექმნილია TUM International GmbH-თან პარტნიორობით.
KIU-ში, საბაკალავრო პროგრამების გარდა, ხორციელდება „ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის“ (FIM) სამაგისტრო პროგრამა და ფუნქციონირებს სადოქტორო სკოლა. უახლოეს მომავალში უნივერსიტეტი მიზნად ისახავს ახალი აკადემიური პროგრამების დამატებას.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგაპროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებულ ერთადერთ საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. უნივერსიტეტის იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის – საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.