“აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან”! განაცხადა “ფორმულას” ჟურნალისტმა და სხვა ჟურნალისტებს თავმომწონედ გადახედა. მან ჩათვალა, რომ საგმირო საქმე გააკეთა, მაგრამ სინამდვილეში ძმათა მიმართ “ნაციონალური მოძრაობის” მტრული განწყობა გაახმოვანა!” – ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი, “ფორმულას” ჟურნალისტის, ლუკა ტყებუჩავას განცხადებას იმის შესახებ, რომ აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, რთულია, როცა ქვეყანას ასეთი ქვეყნის მოღალატეები ჰყავს, თუმცა საქართველო დაკარგულს მაინც დაიბრუნებს ომის გარეშე.

“დიდი ტვირთია როცა ქვეყანას ჰყავს პოლიტიკაში, ჟურნალისტიკაში და ზოგადად სამოქალაქო სექტორში ასეთი ქვეყნის მოღალატეები, მაგრამ ჩვენ მაინც დავიბრუნებთ დაკარგულს, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს ომის გარეშე, ურთიერთგაგებითა და ერთმანეთის გულში გაღვივებული სიყვარულით.

მშვიდობა და განვითარება ნაომარ, მაგრამ სიყვარულით გასამთლიანებლად მზადმყოფ საქართველოს”, – წერს თამთა მეგრელიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.