„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ, უცხოური ძალის მხრიდან საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობასთან დაკავშირებით საუბრისას, ყურადღება გაამახვილა აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ შსს-ის თანამშრომლებისთვის სანქციების დაწესებასა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მთავრობისა და მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე.

„16 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, დაასანქცირა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.

ამასთანავე, სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირებისთვის, პარლამენტის წევრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ. წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობას”, –  აღნიშნა გივი მიქანაძემ.