საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობის, რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან დესტრუქციული ქმედებებისა და სხვა წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ ისაუბრა.

 

„კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ კონკრეტული დარღვევების არაერთხელ საჯაროდ და სისტემატურად გაჟღერების მიუხედავად, ამ დრომდე, ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, როგორებიცაა: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სამართლიანი არჩევნები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, არც წინა და არც ამ ბრიფინგში გაჟღერებული არც ერთი ფაქტი თავიანთ ანგარიშში არ აუსახავთ და ელემენტარული განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ, რაც ცალსახად ადასტურებს მათ მიკერძოებასა და კონკრეტული მხარის სასარგებლოდ პოზიციონირებას.

აქვე გაცნობებთ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ “ფეისბუკის” გვერდზე აიტვირთა დაპირებული ანგარიში, რომელიც ასახავს ჩვენ მიერ გამოვლენილ დარღვევებს 1-ელი ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.