“არჩევნები ჯერ ხომ არ ჩატარებულა და რას აკეთებს სალომე ზურაბიშვილი? ეს ორხელისუფლებიანობის პირდაპირი მანიშნებელია. ეს არის, პირდაპირ, გადატრიალება – სახელმწიფო გადატრიალება, როდესაც იბარებს ოპოზიციას და პრემიერ-მინისტრს ნიშნავს”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა.
„წელიწად-ნახევრის წინ დავიწყე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მხილება, რომ ის გახდებოდა ოპოზიციის ლიდერი და ოპოზიცია მის ქვეშ გაერთიანდებოდა და, ასე ვთქვათ, მის მფლობელობაში გახდებოდა საარჩევნო პროცესი მართული. ეს მის მფარველობაში კი არ არის, ასპროცენტიანი დავალების შემსრულებელია ქალბატონი პრეზიდენტი. არსებობს არქივი, როდესაც ამაზე საუბარი დავიწყეთ მე და ჩემმა კოლეგებმა. ვფლობდი ინფორმაციას. არავის გაგიჩნდათ კითხვა, საიდან ვფლობთ. სწორედ მათი პატრონებიდანაც ჟონავს ინფორმაცია, როგორ ავალებენ მათ ამ პროცესებს, რომელიც იგეგმება. საქართველოს მოქალაქეებს მივმართავ ახლა – ეს ქალბატონი აირჩია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ, მილიონ 200 ათასმა ადამიანმა მას მხარი დაუჭირა. აი, სწორედ ამ ადამიანებს ჩააფურთხა სულში ამ ქალბატონმა, – უსამშობლო, უჯიშო, და მიამატა დღეს უღმერთობა. ჩაიხედეთ მის ფიცში. ყველას აქვს საშუალება, ნახოს, როგორ დადო ამ ქალბატონმა საქართველოს მოქალაქეების წინაშე ფიცი, – ის ღმერთისა და ერის წინაშე დებს ფიცს, რომ არ დაარღვევს კონსტიტუციას. ამ ქმედებებით, რასაც დღეს სჩადის, არღვევს თუ არა კონსტიტუციას ქალბატონი პრეზიდენტი? მიპასუხოს რომელიმე კრიტიკულმა მედიამ ან რომელიმე საქართველოს მოქალაქემ, ვისაც ნეიტრალური განწყობა აქვს ამ ქალბატონის მიმართ.
კონსტიტუციით, ის ზეპარტიული პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო. მიპასუხეთ, არღვევს თუ არა ის კონსტიტუციას?! მისი ეს ქმედებები ზეპარტიულობაა?! თუ ის განაწყენებულია და ხედავს, რომ ხელისუფლება არასწორად იქცევა, გადამდგარიყო და ოპოზიციას ჩასდგომოდა სათავეში! რატომ მისცა თავს უფლება, რომ კონსტიტუცია დაერღვია და ამდენი ადამიანი მოეტყუებინა და ღმერთისა და ერის წინაშე ჩაედინა ეს ცოდვა?! გადამდგარიყო და გაეგრძელებინა, რასაც ახლა აკეთებს, მაგრამ არა, რადგან ეს დავალებული აქვს – პირდაპირ ვამბობ: ეს ქალბატონი არის მთავარი აგენტი! რომელსაც დაწყებული აქვს იმ დავალების შესრულება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით – რასაც ის ახორციელებს, არის სახელმწიფო გადატრიალების და ორხელისუფლებიანობის დამყარების მცდელობა; ის, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით – რომ არჩევნების შემდეგ არის ასეთი გეგმა, რომ არ აღიარონ ლეგიტიმურად ჩვენი არჩევნები, არ მოხდეს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარება. მთავრობის თანხმობის გარეშე, კონსტიტუციის დარღვევით წასვლა და სხვადასხვა ლიდერთან შეხვედრაც ამ გეგმის ნაწილია“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.