“ჩვენ ამ არჩევნებით უნდა მოვახერხოთ, რომ პოლიტიკა კრიმინალისგან გავასუფთაოთ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, მივიღოთ ხარისხობრივად ახალი საზოგადოება, სადაც არ იქნება ასეთი ანტაგონიზმი; არ იქნება ასეთი სიძულვილის ენა; არ იქნება ასეთი პოლარიზაცია, რომლის საფუძველიც გახლავთ სწორედ ის, რომ პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ზრუნავს და ცდილობს, ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს და გამარჯვებისკენ წაიყვანოს, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც ემსახურება უცხოურ ქვეყანას, აგენტურად წოდებული პოლიტიკოსები, ცდილობენ იმას, რაც აინტერესებს უცხო ქვეყანას. ეს ინტერესი დღეს გამოიხატება მხოლოდ იმ ომში, რომელიც ჩვენს სამეზობლოში მიმდინარეობს”, – განაცხადა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ.

მან საზოგადოებას მიმართა და არჩევნებში ჩართულობისკენ მოუწოდა.

“არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი. ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ – ქართველ ხალხს, ქართველ საზოგადოებას, ჩვენს სამშობლოს და იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს.

წლევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც შეუძლია მყისიერად დაავალოს აგენტურას, თუ ჩვენ მოვახერხებთ და მათ ავირჩევთ.

მოგეხსენებათ, სამეზობლოში ომია. იმ ქვეყანას, რომელსაც მართავს აგენტურა და რომელიც, სამწუხაროდ, პოლიტიკაშია, სასწრაფო დავალება აქვს, რომ როგორმე, საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. გარწმუნებთ, რომ ამას არ დასჭირდება დიდი დრო. ეს მოხდება მყისიერად.
ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას და მივიღებთ ქვეყნის ნანგრევებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.