რუსთავში, მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, კიდევ ერთი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, ქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურისა და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

„რუსთავში აქტიურად ვაგრძელებთ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც მოსახლეობის მხრიდან იყო მოთხოვნილი. დღეს მე-12 მიკრორაიონში შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ეს ერთ-ერთი დიდი მწვანე სივრცეა, რომლის რეაბილიტაციის პროექტიც ჩვენ სწორედ მოსახლეობასთან ერთად დავგეგმეთ.

სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია და სულ მალე, რუსთავს კიდევ ერთი ლამაზი სივრცე შეემატება“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მერიის ცნობით, მე-12 მიკრორაიონში #18-19-20 და 21 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ტერიტორიაზე მოეწყობა დაწნეხილი ფილების ბილიკები, განათების სისტემა, სპორტული მოედანი, საბავშვო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები, დასასვენებელი და გამწვანების ზონები. რეაბილიტირებულ რეკრეაციულ სივრცეში განთავსდება რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ერთ-ერთი სკულპტურა.