დედაქალაქის მერია თბილისის ზღვაზე, თემქის სანაპირო ზოლის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის პროექტზე მუშაობას იწყებს.
პროექტზე მუშაობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებს დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაავალა.
“თბილისის ზღვა, წყლის რეზერვუარის დანიშნულების გარდა, მოქალაქეებისთვის დასასვენებელი ზონის ფუნქციასაც ასრულებს. განსაკუთრებით, ზაფხულის ცხელ დღეებში შეინიშნება სანაპიროზე ხალხმრავლობა, შესაბამისად, ბანაობისთვის დასაშვებ ზონებში, თბილისის ზღვის თემქის სანაპირო ზოლის ტერიტორიაზე საჭიროა სივრცის სათანადოდ მოწყობა, მოწესრიგება, რადგან დღევანდელი მდგომარეობა არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება.
მინდა დავავალო ჩემს მოადგილეებს, რაც შეიძლება მალე დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით, რომ მოეწყოს ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცე ზუსტად ამ სანაპიროზე, სადაც ყველა საჭირო შენობა-ნაგებობა (პირობითად, გასახდელები) მოეწყობა, საკვები ობიექტი იქნება.
როგორც განვითარებულ ქვეყნებშია მოწყობილი, იგივე ფორმით და იგივე კონცეფციით მივუდგეთ.
ეს ადგილი უნდა გავხადოთ ერთ-ერთი საუკეთესო დასვენებისთვის, როგორც ოჯახებისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის. ყველაფერი გავაკეთოთ – ცივილური პარკირება.
გვინდა, ეს სივრცე იყოს მოწესრიგებული, სადაც ადამიანებს ექნებათ დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა”, – აღნიშნა კალაძემ.