“მგონი, ახლა ცოტა უფრო ღიად ისმის კითხვა, თუ რა არის ევროპული ღირებულებები. ჩვენ ღიად გველაპარაკებიან ამ კათედრიდან ევროპულ ღირებულებებზე, თუმცა, ქართველებში უკვე ჩნდება კითხვის ნიშანი – ერთნაირად გვესმის თუ არა, რას ნიშნავს ეს ევროპული ღირებულებები”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ემანუელ მაკრონის, ოლაფ შოლცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებას, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლებას „ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობის“ გაუქმებისკენ მოუწოდეს.
„ქართველებისთვის წარმოუდგენელია, ევროპული ღირებულება იყოს სხვა ქვეყანაში დაფარულად თანხების ხარჯვა იმისთვის, რომ ზეგავლენა მოახდინო სხვა ქვეყნის პოლიტიკაზე. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ევროპული ღირებულება. თუკი ამას რომელიმე ევროპელი ასე თვლის, მაშინ ღიად თქვან და არა ასე, შეფარულად. გაუგებარია ქართველი ხალხისთვის, რომ ევროპული ღირებულება შეიძლება იყოს ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა. გვითხრან მაშინ, რომ ეს არის, თურმე, ევროპული ღირებულება და ჩვენ ვცდებოდით აქამდე და სხვა რაღაც გვეგონა ევროპა და ევროპული ღირებულება. ჩვენ, ქართველები, ვართ დიახაც ევროპული ღირებულებების თანაშემოქმედნი. ჩვენი, ქართული კულტურა არის თანაშემოქმედი ევროპული კულტურისა, ამიტომ, როცა ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე, ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, მათ შორის, ქართულ ღირებულებებზე. და გვითხრან, აგვიხსნან: თუკი სხვა ქვეყანაში ფარულად ფულის ხარჯვა არის ევროპული ღირებულებები, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ სხვადასხვაგვარად გვესმის ეს ევროპული ღირებულებები. თუკი სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა არის ევროპული ღირებულება; თუკი სკოლებსა და ბაღებში იმის პროპაგანდა, რომ არსებობს უთვალავი სქესი, ევროპული ღირებულებაა, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ სხვადასხვანაირად გვესმის ევროპული ღირებულება, ამიტომ გვითხრან ეს პირდაპირ – რა არის ევროპული ღირებულება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.