“ბოლო დღეებში ზოგიერთი მედიასაშუალების ფართოდ განხილვადი თემა ეროვნული ბანკის რეზერვების შემცირება გახდა. თანაც, ამ ფაქტის მიწოდება ისე ხდება, თითქოს ეროვნული ბანკისთვის რეზერვების ზრდა თვითმიზანია, ხოლო მათი შემცირება – ეროვნული ტრაგედიის რანგში აყვანილი მოვლენა”, – წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.
“ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკისადმი ოპონირების რეჟიმში მყოფ ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს რატომღაც „ავიწყდებათ“, რომ ეროვნული ბანკი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, მისი მდგრადობისა და სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის გარანტია და ამიტომ აქტივობების შეფასება არ უნდა ხდებოდეს კაჟა ბულავას ცნობიერების შესაბამისი ალგორითმით. გავიხსენოთ „დათა თუთაშხიას“ ერთ-ერთი „კოლორიტული“ პერსონაჟი, რომლისთვისაც ფულის შეგროვება თვითმიზნადაა გადაქცეული და ამისათვის მზადაა, ცოლ-შვილი მშიერ-მწყურვალი ამყოფოს.
ეროვნული ბანკისათვის რეზერვების ფორმირება, მათი შევსება და ზრდა არასდროს ყოფილა და ვერც იქნება თვითმიზანი. მათი დანიშნულებაა რაციონალური გამოყენება! ხარჯვა საჭირო დროსა და საჭირო მასშტაბებით, რაც აუცილებელია ქვეყნის ფინანსური და სამომხმარებლო ბაზრის სტაბილურობისათვის. და თუ ქვეყანაში, მის ფინანსურ სექტორსა თუ სავალუტო ბაზარზე ჩნდება არაეკონომიკური მიზეზებით გამოწვეული აჟიოტაჟი, ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობაა, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით დროულად და ადეკვატურად უპასუხოს ამ გამოწვევას, მოახდინოს ნეგატიური ტენდენციებისა და რყევების ნეიტრალიზაცია.
გამართლებულია თუა არა ეროვნული ბანკის ამგვარი სტრატეგია?
ვფიქრობ – ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად! ეს აისახება ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებშიც, რითაც საქართველო გამორჩეულია არა მარტო რეგიონალური, არამედ გლობალური მასშტაბით, აგრეთვე – დაბალ ინფლაციაში. სხვათა შორის, დაწყებული 2021 წლის აპრილიდან, ყოველი თვის ინფლაცია, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე აშშ-ში. ამასთან, ამ პერიოდში, გავლილი 43 თვის განმავლობაში, საქართველოში 12 თვე დეფლაციური იყო, აშშ-ში კი – არც ერთი.
ყოველივე ეს – პოზიტიური მაკროეკონომიკური შედეგები, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, ეროვნული ბანკის გაწონასწორებული და რაციონალური პოლიტიკის შედეგია”, – წერს სოსო არჩვაძე.