რესპუბლიკელმა კონგრესმენმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს აშშ-ის კაპიტოლიუმში ქალთა საპირფარეშოების გამოყენებას უკრძალავს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი მას შემდეგ წარადგინეს, რაც წარმომადგენელთა პალატაში პირველად აირჩიეს ღიად ტრანსგენდერი კანონმდებელი.
კანონპროექტის ავტორმა, სამხრეთ კაროლინის წარმომადგენელმა ნენსი მეისმა განაცხადა, რომ მისი რეზოლუცია ინიცირებულია კონგრესში სარა მაკბრაიდის არჩევის საპასუხოდ.
„ეს ეხება ქალებს და ჩვენს უფლებას პირად ცხოვრებაზე, ჩვენს უფლებას უსაფრთხოებაზე. მე არ დავუშვებ ბიოლოგიური მამაკაცების შესვლას ქალთა პირად სივრცეებში. ეს არის ფარისევლობის მწვერვალი“, – განაცხადა მეისმა.
თავის მხრივ, მაკბრაიდმა განაცხადა, რომ მეისის ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ „მემარჯვენე ექსტრემისტები ცდილობენ, ამერიკელების ყურადღება მათ წინაშე არსებული პრობლემებიდან სხვა საკითხებზე გადაიტანონ“.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრებმა მკაცრად დაგმეს რესპუბლიკელის მიერ წარდგენილი პროექტი და მეისი კონგრესის წევრის დაშინებაში დაადანაშაულეს.
„ეს არის თქვენი პრიორიტეტი, რომ გსურთ, დააშინოთ კონგრესის წევრი, ნაცვლად იმისა, რომ მიესალმოთ მის ამ ორგანოში შემოსვლას, რათა ყველამ ერთად ვიმუშაოთ საქმეების გასაკეთებლად და რეალური შედეგები მოვუტანოთ ამერიკელ ხალხს“, – განაცხადა დემოკრატების ლიდერმა ჰაკიმ ჯეფერსიმ.
„ბიბისის“ ცნობით, ჯერ გაურკვეველია, როდის განიხილავს კონგრესი რესპუბლიკელის ინიციატივას.
„ბიბისის“ სტატიაში აღნიშნულია, რომ რესპუბლიკელები ფოკუსირებულები არიან ტრანსგენდერულ საკითხებზე, მათ შორის, ცდილობენ, შეზღუდონ არასრულწლოვანთათვის გენდერთან დაკავშირებული ოპერაციების ხელმისაწვდომობა და აუკრძალონ ტრანსგენდერ სპორტსმენებს ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა.