„გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი გადაცემა „თავისუფალ ბაზარში“ ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის საკითხზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ოპოზიცია – ყველა უნდა შევიდეს პირველ სხდომაზე“.
„რობესპიერს თავი ხომ მოჭრეს ბოლოს? ისე აქვს თავი მოსაჭრელი ამ ოპოზიციას. ბელადები ყველა მოსაკვეთია ამ სიტუაციიდან. თუ ვინმე ადეკვატურია ამ ოპოზიციურ ველზე, უნდა შევიდნენ პარლამენტში და გრძელვადიანი თამაში დაიწყონ. აღიარონ შეცდომები, აიღონ პასუხისმგებლობა: “ბოდიში, ქართველო ხალხო, რომ ვერ გავამართლეთ თქვენი იმედები, წავაგეთ; ეს რეჟიმი გვაქვს, რაც გვაქვს და მეტჯერ ეს შეცდომა არ დავუშვათ”.
პარლამენტი არის შენობა. იქ არის უმრავლესობა, რომელიც მართავს ამ ქვეყანას. როდის შემდეგ გახდა დანაშაული, რომ ამ ხალხის გვერდზე დავჯდე და ეს ხალხი ვლანძღო, როცა იღებენ ცუდ კანონებს? ან მოვთხოვო ახალი არჩევნები იმ სავარძლიდან? იმ სავარძელში რომ დავჯდე, იქ ვეღარ მოვთხოვ ახალ არჩევნებს და ვერ ვიტყვი, რომ გაჟონაო? იმასაც ვიტყვი, უბრალოდ, რა პრობლემაა, რომ იქ ვიჯდე?
გვარამია და ხაზარაძე დემონსტრაციულად პანღურით გასაგდებები არიან. ბოდიში უნდა მოუხადონ ქართველ ხალხს, რომ ცირკი მოაწყვეს თავიანთი ტელევიზიებით. ჩემთვის გასაგებია, რომ ქართველი ხალხი ახლა არ მომისმენს. ვიღაც ცხვრებივით მიჰყვება გვარამიას, ვიღაც ნაწილი – კიდევ ვიღაცას, ვიღაც ბედნიერია “ქოცებით”, მაგრამ მე რომ ვყოფილიყავი, ასეთ რამეს გავაკეთებდი – ხაზარაძეს, გვარამიას პანღურით გავაგდებდი, მთელ ამ მედია მენეჯერებსაც პანღურით გავაგდებდი, გრიგოლიას და სანაიას თაოსნობით ყველას გავყრიდი. ქართველ ხალხს ბოდიშს მოვუხდიდი, მათ შორის, იმის გამო, რომ არჩევნებზე მილიონები რომ დავხარჯე, ათასობით დამკვირვებელი მყავდა და სადაც ამ დამკვირვებლის საჭიროება იყო, იქ არ დავსვი ეს ხალხი. ქართველ ხალხს ბოდიშს მოვუხდიდი, რომ კლოუნადა იყო მოწყობილი ტელევიზიაში. ბოდიშს მოვუხდიდი, რომ უიდეოდ გავედი არჩევნებზე, ვაღიარებდი მარცხს და ვეტყოდი: ხალხო, თუ მაპატიებთ ოდესმე, ვეცდები, რომ 2028-ში მოვიგო. ეს იქნებოდა ერთადერთი შანსი. ვინაიდან იქ [ოპოზიციაში] მონები და “კლოუნები” არიან, ეს არ გამოვა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.