პარლამენტის წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი რიკარდ იოზვიაკის სტატიას ეხმაურება.
“მოვლენების განვითარებას ველოდით არჩევნებამდეც. ევროკავშირის ლიდერების, მათ შორის, ელჩის მხრიდან არჩევნებამდეც შეინიშნებოდა გარკვეული შერბილება განცხადებებში. მათ ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადეს, რომ ისინი ითანამშრომლებდნენ არჩევნების გზით მოსულ ხელისუფლებასთან და ეს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნება” რომ იქნებოდა, თავადაც არ ეპარებოდათ ეჭვი.
ახლა ეს წერილი, უბრალოდ, ადასტურებს ჩვენს ეჭვებსა და ვარაუდებს. თავისთავად ცხადია, რომ ევროკავშირი ითანამშრომლებს არჩევნების გზით ლეგიტიმურად მოსულ ხელისუფლებასთან. ეს არის დადასტურებული ფაქტი. ამას მოწმობს ეუთო/ოდირის შეფასებები. ის ცოტაოდენი სკეპტიციზმი, რაც 54%-ს უკავშირდება, ევროპელების თვალში შეიძლება ცოტა უცნაური იყოს, რადგან, როგორც წესი, ასეთი დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის მქონე პარტიები ევროპაში ძალიან ცოტაა, მაგრამ თუ ჩვენს რეალობას გავითვალისწინებთ, ეს არის ოპოზიციის მიერ წარმოებული მავნებლური პოლიტიკის შედეგი და, თავისთავად ცხადია, რომ ხალხმა ასეთ პოლიტიკას მხარი არ დაუჭირა”, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.