„ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობდით იმაზე, რომ ევროკავშირსა და აშშ-ში აუცილებლად გამოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც რაციონალურად იაზროვნებდნენ და მიხვდებოდნენ, რომ საქართველოში არის ხელისუფლება, რომელსაც სურს როგორც თავისი იდენტობის შენარჩუნება, ისე დანარჩენ მსოფლიოსთან პარტნიორული ურთიერთობები“, – განაცხადა მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
„აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ვხედავთ, რომ უკვე ისმის რაციონალური გზავნილები. ასევე, ევროკავშირიდან სულ უფრო მეტი განცხადება ისმის ქართული ხელისუფლების მხარდასაჭერად. ეს უფრო გაძლიერდება და ევროკავშირის სულ უფრო მეტი ქვეყანა დაუჭერს ჩვენს პოლიტიკას მხარს.
იზრდება იმ ევროპარლამენტართა რაოდენობაც, რომელთაც გადააფასეს ღირებულებები და აცხადებენ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც თავისი იდენტობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად იბრძვის და მასზე ზეწოლა არ უნდა იყოს. ასე რომ, როცა გვეკითხებოდნენ, თუ როდის დაიწყებოდა გადატვირთვის რეჟიმი, პასუხი შემდეგია, – რომ ამერიკაში ეს უკვე დაიწყო, ხოლო ევროკავშირში ახლა იწყება, რადგან საქართველოს მიმართ პოზიტიური განცხადება განცხადებაზე კეთდება მათი მხრიდან“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.