რუსთავში ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებისა და სრული მოდერნიზების პროექტები გრძელდება.

2024 წელს, დაგეგმილი 82 ლიფტიდან 60 უკვე სრულად მოდერნიზებულია.
ამ ეტაპზე, სამუშაოები 22 სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს.

მე-7 მიკრორაიონის N27 კორპუსში მიმდინარე სამუშაოებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსისა” და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

ლიფტების სრული მოდერნიზება უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით ხდება, რაც მართვის ახალი კარადის მონტაჟს, ელექტროგაყვანილობის სრულ რეაბილიტაციას, ახალი ძრავის, სამანქანე ტექნიკისა და კაბინის მოწყობას ითვალისწინებს.

ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებისა და უფასო ლიფტების პროექტის განხორციელება რუსთავის მერიამ 2022 წელს დაიწყო.

2024 წლის რუსთავის ბიუჯეტში ლიფტების მოდერნიზების პროექტის განსახორციელებლად 2 330 000 ლარი იყო გათვალისწინებული.

2022-2024 წლებში, რუსთავის მაღალსართულიან კორპუსებში 330 ახალი ლიფტი დამონტაჟდა.

„ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ რუსთაველებისთვის მიცემული ყველა დაპირება შევასრულოთ და რუსთავი გახდეს ქალაქი, სადაც არც ერთ კორპუსში აღარ იქნება ძველი, ამორტიზებული ლიფტი და მოსახლეობა თანამედროვე, უსაფრთხო ინფრასტრუქტურით აღჭურვილ კორპუსებში იცხოვრებს“, – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.