“შედეგი, რა თქმა უნდა, იქნება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, რომელიც მძვინვარებდა 2003-2012 წლებში, სამართლებრივადაც თავისი სახელი დაერქმევა”, – ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნას, სადაც კომისიის პერსონალური შემადგენლობა გაირკვა.

„ყველა დეტალი, რომელიც იქნება საგამოძიებო კომისიის მიერ შეკრული და, შესაბამისად, წარდგენილი საქართველოს პარლამენტისთვის, შემდეგ რეკომენდაციების სახით გაეგზავნება ყველა რელევანტურ საკონსტიტუციო ორგანოს და, ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენს ქვეყანაში იქნება სახელდებული ის მავნებლობა, მოღალატეობა და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც ასე უხვად იყო 2003-2012 წლებში.

ჩვენ ვიცით, მაგალითად, კეზერაშვილი იქნება თუ ადეიშვილი, როგორ დასეირნობენ სხვადასხვა ქვეყანაში და, მათ შორის, იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ფორუმებსა და ღონისძიებებში, რაც კიდევ ერთხელ, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნისათვის.

ამავე დროს, იმისთვის, რომ არა ერთეული ადამიანები, არამედ მთლიანად, რეჟიმი გასამართლდეს, საჭიროა, ამუშავდეს ის მექანიზმი, რასაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ჰქვია”, – განაცხადა გორდულაძემ.