“ქალბატონ ამაღლობელს კიდევ ერთხელ ვუსურვებ გამოჯანმრთელებას, მაგრამ, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს სააკაშვილის სახით. გახსოვთ, 100 დღე თუ მეტი შიმშილობდა ის კაცი”, – განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ „ნეტგაზეთი/ბათუმელების“ დამფუძნებლის – მზია ამაღლობელის შესახებ საუბრისას.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, ხარისხიანი სამედიცინო სერვისი თუ სჭირდება, ის მივაწოდოთ, დანარჩენს კი, ბრალდებული გადაწყვეტს, რა გააკეთოს, როგორ გამოხატოს თავისი პროტესტი. ეს დამოუკიდებელი ქვეყანაა, თავისუფალი საზოგადოებით. მაშინაც გახსოვთ, როგორ გვამუნათებდნენ, გვაშავებდნენ ევროპიდან, რომ თურმე, ვკლავდით, ვწამლავდით პატიმარ სააკაშვილს. ეს ტყუილი აღმოჩნდა, კვება დაიწყო, ნორმალურად არის.

არავის ექნება ინდულგენცია, თუ შიმშილობას დაიწყებს, რომ გამოუშვებენ. არის კონკრეტული ბრალდება, დანაშაული, შესაბამისად, მოსამართლე და პროკურორი გადაწყვეტენ, რა და როგორ იქნება. შემდეგ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ამ თემაზე კომენტარი გავაკეთოთ. არც პეტიცია, არც რეზოლუცია და არც ჯო უილსონის “ტვიტერი” არ იქნება პრევენცია იმისთვის, რომ დამნაშავემ თავი აარიდოს სასჯელს – გამორიცხულია. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო. ევროპასა თუ ამერიკაში პოლიციელზე თავდასხმას ვინმე გაატარებდა? იგივე რეაგირება არ ექნებოდა? მინდა, ევროპარლამენტარებს მივმართო: სახლში გაუშვებდით, თქვენს ქვეყანაში პოლიციელს ასე ვინმე ხელს თუ გაარტყამდა? – ეს საქართველოა, სამართლებრივი სახელმწიფო, უდიდესი ისტორიისა და ცივილიზაციის მქონე ქვეყანა. ნუ აგერევათ რომელიმე სხვა ქვეყანაში”, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.