საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტირებისას აღნიშნა, რომ ყველასთვის ნათელი გახდა, თუ რა თანხებით და ვისი კარნახით მოქმედებდნენ საქართველოში რადიკალური ძალები.

„რაც შეეხება გამოძიების დაწყებას როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით – კიდევ ერთხელ დავუბრუნდები USAID-ის თემას, რაც ძალიან აქტუალურია დღეს არა მარტო საქართველოში, არამედ, მსოფლიოში. ეს ყველაფერი ჯაჭვურად არის გადაბმული, ვინაიდან ჩვენ განყენებული ქვეყანა არ ვართ, ჩვენ ვართ მსოფლიოს იმ დიდი ორგანიზმის ნაწილი, სადაც ეს ორგანიზაცია და მისი დონორი ორგანიზაციები მოქმედებდნენ და მუშაობდნენ. როგორ მოქმედებდნენ და მუშაობდნენ, ამ ყველაფერს, განსაკუთრებით ბოლო წლების და ბოლო თვეების მანძილზე, მთლიანად მოეფინა ნათელი და ყველამ დაინახა, თუ, რეალურად, რა ძალებს წარმოადგენდნენ და აქ დესტრუქციული ძალა, უსამშობლოთა გაერთიანება რა კარნახით და რა თანხებით მოქმედებდა.

ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია – საბოტაჟის მუხლით არის დაწყებული გამოძიება და დაველოდოთ. დარწმუნებული ვარ, გონივრულ შედეგზე გავა გამოძიება”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.