პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „უცხოური დახმარების სტრუქტურებმა დიპლომატია ჩაანაცვლეს – ზოგიერთი ქვეყნის ელჩს თავისი თავი წარმოდგენილი ჰყავდა, როგორც ინსტრუქტორი, რომელსაც ხელისუფლებისთვის უნდა მიეცა ინსტრუქცია“.
„უნდა შევხედოთ რეალობას და ვიფიქროთ არა იმაზე, თუ როგორ იქნება აღქმული ელჩებისთვის ჩვენი განცხადებები, არამედ იმაზე, თუ როგორ წაადგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ანალოგიური რიტორიკა ელჩების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით ისმოდა 3 წლის წინათაც. ელჩები მაშინაც ამბობდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის იზოლაციას, დგამს არადიპლომატიურ ნაბიჯებს და პოლიტიკური ორიენტირება შეცვალაო. ახლა კი აღმოჩნდა, რომ სწორედ 3 წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ გახსნა საუბარი ისეთ ტაბუირებულ თემებზე, როგორიც არის „დიფ-სთეითის“, USAID-ის ღია ჩართულობა სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკაში, ბრიუსელის ბიუროკრატიის კორუფცია და სხვ .
დღეს დასავლეთის მთავარი დირიჟორი – ტრამპი რასაც ამბობს, ამაზე საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ სამი წლის წინ ლაპარაკობდა.
ახლა ვისაუბროთ იმ საერთაშორისო სკანდალებზე, რომელიც ყაყაჩოს კულტივიზაციით იწყება და მთავრდება ახლო აღმოსავლეთში ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერით. არაერთი ბნელი ნიუანსია USAID-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ამ თანხების გამოყენების საუკეთესო ინსტრუმენტი შექმნა ჯორჯ სოროსმა, რომელმაც სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი პროექტი განახორციელა. სწორედ მისი პროექტი იყო ვეტინგის სისტემა, რომლის საქართველოში განხორციელებასაც გეგმავდნენ და რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის კონსტიტუციიდან გასვლას.
ამ ყველაფრის გახსენების შემდეგ ჩვენ გვიჩნდება ლეგიტიმური კითხვები და მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებდნენ ჩვენს ქვეყანაში ე.წ. ბრიუსელის ბიუროკრატიული გარემოცვის ელჩები. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ელჩები და ვისი გავლენის ქვეშ არიან”, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.