„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით მოლაპარაკებების შესაძლო დაწყების თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„უკრაინის ომზე სამშვიდობო მოლაპარაკებები იწყება. ტრამპი რუსეთს ყველა პოზიციაზე აბრუნებს. ამის ფონზე, ბუნებრივია, ყველა სანქცია გაუქმდება. რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში, გარკვეულწილად, გამარჯვებული ბრუნდება, რადგან ვერავინ შეძლო მისი შეჩერება. მივიღეთ ის, რაზეც ვშიშობდით სამი წლის წინ – რუსეთი კიდევ უფრო ამბიციური გახდებოდა ამ ომის შემდეგ.
ვინ აგებს პასუხს დაშვებულ შეცდომებზე? ნუთუ ასეთი მარტივია მილიონი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა? ქვეყანაზე აღარ ვსაუბრობთ. ტრამპმა განაცხადა, რომ ეს იყო ბაიდენის უდიდესი შეცდომა, როდესაც ნატო-სკენ წააქეზა უკრაინა და ამით გამოიწვია ომი. თან იქვე მიუთითა, – ბუნებრივია, რუსეთი ამას არ დაუშვებდაო. ანუ, რუსეთის მიერ დაწყებულ ომს გამართლება უპოვა.
დღეს კი, ერთადერთი კითხვა რჩება: რა ტერიტორიები დარჩება უკრაინას? დასავლეთის სამწლიანი “გამარჯვებული ომის” ეპოპეა აქამდე დაეცა. თუკი უკრაინას ამ გამანადგურებელი ომიდან რაღაც დარჩება, რა დარჩებოდა საქართველოს, ომში რომ ჩაეთრიათ? ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ აგებს პასუხს უკრაინის განადგურებისთვის; ჩვენთვის მთავარია, ვინ აგებს პასუხს საქართველოს შესაძლო განადგურებისთვის.
ის, რომ გადავრჩით, ხელისუფლების დამსახურებაა, მაგრამ რას აკეთებდა ოპოზიცია? საითკენ მიჰყავდა ქვეყანა? არა მგონია, საკმარისი იყოს მხოლოდ “ნაცების” გასამართლება, – სამშობლოს ღალატისთვისაც უნდა აგონ პასუხი იმ ძალებმა, ვინც საქართველოს ისტორიას 2022 წელს უკრაინის ომში ჩაბმით ამთავრებდა. არ შეიძლება ამის პატიება.
დღევანდელი პროცესებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო შემზარავია იმის გაანალიზება, თუ რა დარჩებოდა დღეს ჩვენი ქვეყნიდან”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.