„ქვეყნის მოღალატეების ადგილი აქ არ არის! ყიდიან საქართველოს! ვინც ევროპარლამენტის რეზოლუციას უჭერს მხარს, ყველა საქართველოს მოღალატეა! ქვეყნის ღალატის უფლება არავის აქვს! ეს ყველამ გაიგოს! მათ ნებართვა უნდა აეღოთ ჩემგან. მე მივცემდი იმ ნებართვას, მაგრამ ეს თავხედობა ვერ ავიტანე, რეგლამენტი რომ დაარღვიეს…

ევროკავშირმა რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო. რა წაიღო? – უამრავი რამ – თუნდაც, ის აგენტები დააფინანსა, რომლებიც დღეს საქართველოს ებრძვიან”, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ საკრებულოში მისულ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც, მათი თქმით, სხდომათა დარბაზში კითხვების დასასმელად მივიდნენ, თუმცა სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დასრულდა და მოქალაქეებმა სიტყვის თქმის უფლებით სარგებლობა მოითხოვეს.

დავით რაზმაძემ მოქალაქეებს დაპირისპირებისას მოღალატეები უწოდა, მოგვიანებით კი, მედიასთან განაცხადა, რომ ქვეყნის მოღალატეების ადგილი საკრებულოში არ არის.