„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის – ალექსეი რეზნიკოვის ინტერვიუს ეხმაურება, რომელშიც მან აღნიშნა, რომ უკრაინას არასდროს მოუთხოვია საქართველოს ომში ჩაბმა.
დავით ქართველიშვილმა თავი მოუყარა უკრაინის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების განცხადებებს, რომლებიც საპირისპიროს ადასტურებს და ისინი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
„მაშ, „полная ложь”, არა? ერთმა გენიოსმა კიეველმა ბრძანა ერთხელ, – ხელნაწერები არ იწვისო. უკრაინაში მიხეილ ბულგაკოვის ძეგლების განადგურებას ჯობდა, გადაგეკითხათ…
ალექსანდრე გონჩარენკო, უკრაინის რადას დეპუტატი: „მინდა, ქართველებს ვუთხრა: ახლა ცხინვალსა და აფხაზეთში გასეირნებისთვის კარგი დროა”.
მიხაილო აპოსტოლი, უკრაინის რადას დეპუტატი: „ქართველებო! აფხაზეთში დაბრუნების დიდი შანსი გაქვთ! ჩვენ ჩავკეტეთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ! მოლდოველებს! დაიბრუნეთ დნესტრისპირეთი! ადვილი იქნება თქვენთვის! ერთად გავტეხოთ შეშლილი დათვი!”
ალექსეი დანილოვი, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიების დაბრუნებისკენ მოუწოდებს: „რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა უკრაინას დაეხმარება”.
ანდრეი კასიანოვი, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: „უკრაინის მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორისადმი, მათ შორის, საქართველოსადმი იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და სხვა საარტილერიო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით თხოვნაში. იარაღი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან. ჩვენთვის გაუგებარია ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები, კერძოდ, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებები, რომ უკრაინამ ითხოვა „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების უფასოდ გადაცემა. მინდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით და ხაზი გავუსვა, რომ უკრაინამ საქართველოში, თავდაცვის სამინისტროს მისამართზე უკვე 30 ოფიციალური მოთხოვნა გაგზავნა. უკრაინის საელჩოს მიერ ბოლო გზავნილი იყო 12 იანვარს და მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ შეიძლება მოხდეს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემა ან შესყიდვა”.
ოლექსი არესტოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და ღიად ამბობს, რომ „სააკაშვილი ომზე უარს არ იტყოდა”.
ოლექსი არესტოვიჩი: „მე ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ, არაოფიციალურს. ჩვენ ამას, ასე ვთქვათ, ღრმა შეშფოთებით ვუყურებთ. ჯერ ერთი, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა – დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს. და მეორე – მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ისინი დამატებით ცდილობენ, გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები”.
დენის შმიგალი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი: “მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად თბილისის აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება. ევროპა ამას ელოდება”, – წერს დავით ქართველიშვილი.