„TV პირველის“ 18 მარტის ეთერში პოლიტიკაში გარეულმა ვაი ტელემენეჯერმა და „მთავარი არხის“ ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა – „მთავარ არხზე არ არსებობს არანაირი დავალიანება დღეის მომენტში, არანაირი“, რადგან ეს, თურმე, მისი მორალური ვალდებულება ყოფილა”, – განაცხადა “მთავარი არხის დირექტორმა გიორგი ქურდაძემ.
“ნიკა გვარამიას განცხადება, რომ „მთავარ არხს“ ახლა აღარ აქვს არანაირი დავალიანება, დიდი ტყუილია.
„მთავარ არხს“ დღეისათვის კვლავაც აქვს დავალიანებები, მათ შორის, ტელეკომპანიის თანამშრომლების ხელფასები, ასევე მომსახურე კომპანიების დავალიანებები.
სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი 13 მილიონ ლარზე მეტია, რომ არაფერი ვთქვათ “ომეგა ჯგუფის” მილიონობით დავალიანებებზე.
მთლიანობაში, „მთავარი არხის“ ვალი 25 მლნ-ს აღემატება.
ნიკა გვარამიამ და ყოფილმა პარლამენტარმა კობა ნაყოფიამ, რომლებიც არაფორმალურად მართავენ „მთავარ არხს“, ორი კვირის წინ, კიდევ ერთხელ დააზარალეს “მთავარი არხი“ და მიიტაცეს „მთავარი არხის“ სარეკლამო გაყიდვების შედეგად კომპანია „ნიუ სეილსის“ ანგარიშზე აკუმულირებული 4 მილიონამდე ლარის თანხა. სარეკლამო კომპანია „ნიუ სეილსი“ ა.წ. 6 მარტს სიმბოლურ ფასად გაიყიდა ნიკა გვარამიასა და კობა ნაყოფიას მიერ მოფიქრებული თაღლითური სქემით.
„ნიუ სეილსის“ ახალი ფიქტიური დამფუძნებელი კობა ნაყოფიას უკრაინელი მძღოლი გახდა, ხოლო ფიქტიური დირექტორი – ნაყოფიასთვის სანდო უკრაინელი მოქალაქე. “ნიუ სეილსში” აკუმულირებული “მთავარი არხის” 4 მლნ-მდე თანხის განკარგვის უფლება კი ამ ფიქტიურმა პირებმა გადასცეს ნიკა გვარამიას თანაპარტიელსა და მეგობარს, ვინმე მაკასარაშვილს.
ნიკა გვარამია და კობა ნაყოფია წლების განმავლობაში ერთად ძარცვავდნენ “მთავარ არხს”, იტაცებდნენ სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებულ მოგებას, შედაგად კი, “მთავარს არხს” მილიონობით დავალიანებებს ადებდნენ.
ნიკა გვარამიამ და კობა ნაყოფიამ მიზანმიმართულად დააზარალეს „მთავარი არხი“, არხის მაყურებელი, თანამშრომლები, სახელმწიფო ბიუჯეტი და “მთავარი არხის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, რომლის გარეშეც „მთავარი არხი“ ვერ შეიქმნებოდა და არ იარსებებდა.
ყველა ზემოთ დასახელებულ პირს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება თავის დანაშაულებრივ ქმედებებზე“, – ნათქვამია გიორგი ქურდაძის განცხადებაში.