„ეს არის შეფარული მუქარა, რომელიც თითქოს პირდაპირ არ უნდა ჩანდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი აღქმა უნდა შექმნას ასეთი ტიპის შავმა კამპანიამ“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ წამოწყებულ კამპანიას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძეს მუქარის კამპანია აქვს დაწყებული პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
„ყოველკვირეული პოსტებით რომ გამოირჩევა ბატონი ხაზარაძე, სულ ახლახან იყო ერთ-ერთი ბანერი. ვიზუალურადაც კი მუქარის შემცველია, როდესაც ბანერზე პირდაპირ იკვეთება მუქარა.
მამუკა ხაზარაძის პიროვნების საკითხი გასაგებია. ეს არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირლობით მილიონერი გახდა. ჩვენ ვსაუბრობთ 2%-იან პარტიაზე, – არ დაგვავიწყდეს. ერთადერთი, რასაც „ლელომ“ მიაღწია, 2020 წელს აიღო 3%, 2021 წელს აიღო 2%. ეს არის მათი “მიღწევა”, რომ ერთ წელიწადში დაკარგეს ამომრჩეველი. ასე რომ, 2%-იანი პარტია რომ ზოგადად, საუბრობს ხელისუფლებაში მოსვლაზე, ეს უკვე თავად კომედიაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.