„ცხოველის მიკედლება დაუშვებელი იქნება მხოლოდ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების შენობებში (ანუ შიდა სივრცეში), ასევე, საბავშვო და სპორტული მოედნების, მეტროპოლიტენისა და ბაზრის ტერიტორიაზე. ამასთან, მიკედლების ადგილების დარღვევისათვის კანონპროექტით არასდროს ყოფილა გათვალისწინებული ჯარიმა“, – განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით.
“ამბობენ, რომ თითქოს, მიკედლება დაუშვებელია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიებზე, ავტოსადგურებსა და სასაფლაოს ტერიტორიებზე, აგრეთვე, რომ თითქოს, ამ ტერიტორიებზე მიკედლებული ძაღლის გავლის ან შესვლის გამო მიმკედლებლები 300 ლარით დაჯარიმდებიან.
ამბობენ, რომ თითქოს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კატის ან დეკორატიული ჯიშის მცირე ზომის ძაღლის აყვანა შესაძლებელია მხოლოდ ერთდროულად ალიკაპისა და საბელის გამოყენებით.
სინამდვილეში: ეს შეზღუდვა მოქმედებს უკვე წლებია, სანქცია განსაზღვრულია 8 ლარის ოდენობით. კანონპროექტით უფრო მოქნილად არის ჩამოყალიბებული მოქმედი აკრძალვა, კერძოდ, შესაძლებელი იქნება მცირე და დეკორატიული ცხოველის გადაყვანა ხელში აყვანით, ჩანთით, გადამყვანით ან საბელით (მეპატრონის სურვილის შესაბამისად), ხოლო დიდი ძაღლის შემთხვევაში აუცილებელი იქნება მოკლე საბელის გამოყენება“, – განაცხადა ბითაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.