დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ „Newshub.ge-სთან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თემაზე ისაუბრა და თქვა, რომ „საკითხი ვიწროპოლიტიკურ, კონკრეტული პარტიის კონტექსტში“ განიხილება.

„ძალიან ცუდი და სამწუხაროა, რომ ასეთი აჟიოტაჟია ატეხილი. სამწუხაროდ, ვიწროპოლიტიკურ, კონკრეტული პარტიის კონტექსტში განიხილება ამხელა პრობლემა. რუსული კანონი არავის უნდა და ის, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს, კიდევ უფრო ნათელს გახდის იმას, რომ ეს არ იქნება რუსული კანონი.

რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა და ძალიან მიხარია, რომ უამრავი სივრცე არსებობს, რათა ეს აზრი დაფიქსირდეს; ყველა გააკეთებს თავის ზნეობრივ და მორალურ არჩევანს. ეს არჩევანი მართებულია თუ არა, ამას დრო აჩვენებს“, – აცხადებს გიორგი სიხარულიძე.