„ბატონო მამუკა, თუ შეიძლება, კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, თუ არის კანონში რაიმე ისეთი მუხლი ან ჩანაწერი, რომლითაც ხდება იმ ორგანიზაციების სეგმენტაცია, რომლებიც საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან და, თურმე, მტრად უნდა ჩავთვალოთ უცხოური ქვეყნის დონორი“, – ასე მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს – მამუკა მდინარაძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

„როგორც ბატონმა მამუკამ აღნიშნა, დიახ, არასამთავრობო ორგანიზაციების სფერო არის ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე სფერო და ევროსაბჭოდან გვითითებენ, რომ ეს სფერო კიდევ უფრო გამჭვირვალე გავხადოთ ფინანსების მოძრაობის თვალსაზრისით.
მოგეხსენებათ, საქართველოს ბიუჯეტი არის ყველაზე გამჭვირვალე მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანას რეიტინგებში პირველი ადგილი უჭირავს – უცხოეთიდან შემოსული ნებისმიერი დაფინანსების, მიზნობრიობისა და თანხების მოცულობის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი უწყება სწორედ ამ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბევრ ღონისძიებას ატარებს, რათა მათი საქმიანობა გამჭვირვალე იყოს. ერთადერთი სფერო, სადაც ნაკლები გამჭვირვალობა გვაქვს, არის არასამთავრობო სექტორი და მათი საქმიანობა, რასაც სწორედ ეს კანონი აღმოფხვრის. ამ პერიოდის განმავლობაში ევროკავშირის მხრიდან იყო მცდელობა, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, მაგრამ შემდეგ ეს პროექტი ასეთივე წარმატებით, რატომღაც, არ გაგრძელდა.
დღეს, დილიდანვე, ოპოზიციის ფლანგიდან ვისმენთ ორი მიმართულებით მოსაზრებებს: პირველი მიმართულება არის ის, რომ თითქოსდა, ეს კანონი უცხოურ მხარეს აუცილებლად მტრად განიხილავს. ეს მიჩნეულია აქსიომად, რომელსაც დამტკიცება არ სჭირდება, რადგან ისინი [ოპოზიციის წარმომადგენლები] ზედმეტად მიიჩნევენ, რომ ეს დაამტკიცონ. მეორე მიმართულება – გვიმტკიცებენ, რომ ძალიან ბევრი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ბევრ კეთილ საქმეში გვეხმარება, რაც ასევე აქსიომაა და ამასაც დამტკიცება სჭირდება, თუმცა, სინამდვილეში, ამას ჩვენ ისედაც ვაღიარებთ. ეს შეიძლება განვიხილოთ ოპოზიციის მხრიდან ღია კარის ძალით გაღების მცდელობად.
ბატონო მამუკა, თუ შეიძლება კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, განსაკუთრებით საზოგადოებისთვის, თუ არის კანონში რაიმე ისეთი მუხლი ან ჩანაწერი, რომლითაც ხდება იმ ორგანიზაციების სეგმენტაცია, რომლებიც საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან და რომლის მიხედვითაც, თურმე, მტრად უნდა ჩავთვალოთ უცხოური ქვეყნის დონორი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სეფაშვილის კითხვას მამუკა მდინარაძემ უპასუხა.

„ყველაფერი ვნახეთ დღეს, მაგრამ ვერ ვნახეთ ერთადერთი – რატომ არის [კანონპროექტი] არათუ რუსული, არამედ ცუდი“, – განაცხადა მდინარაძემ.