„ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის საკრებულოს სამმა წევრმა პარტია და ფრაქცია დატოვა.
„ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს: ალექსანდრე ბერიძემ – რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვაჟა მორგოშიამ – რუსთავის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ და ზურაბ ბერაძემ – რუსთავის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.
ინფორმაციას ვაჟა მორგოშია “ფეისბუკის” გვერდზე აქვეყნებს.

„რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, თინათინ ლოცულაშვილმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია მე-19 მკ/რ-ში მდებარე საფეხბურთო სტადიონთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე, თანამოაზრეებთან ერთად, პარტიის ხელმძღვანელობის შეცდომაში შეყვანა სცადა; ფრაქციის თავმჯდომარეს დაუსაბუთებელი ბრალდება წაუყენეს.
ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას ამ ადამიანების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასა და საქციელზე, ვტოვებთ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ენმ-ის ფრაქციასა და პარტიას“, – წერს ვაჟა მორგოშია.