„მეთიუ, are you kidding my friend? საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეები დაასანქცირეთ. დღემდე ველოდებით [პასუხს], კონკრეტულად რის საფუძველზე, რა არგუმენტებით“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის მიერ სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

„შეგახსენებთ სანქცირებულის კიდევ ერთ „ქეისს“ – მოსამართლე ჩხიკვაძე, რომელიც დაასანქცირეთ იმიტომ, რომ გადაწყვეტილება მიიღო ბატონ გვარამიასთან დაკავშირებით, რომელმაც რამდენიმე მილიონი მოჰპარა “რუსთავი – 2-ს”. ეს თემა შემდეგ გასაჩივრდა სტრასბურგში და სტრასბურგმა თქვა, – საერთოდ, განხილვაშიც არ მივიღებ, იმიტომ, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და ობიექტურიო. ბოდიში უნდა მოგეხადათ თქვენ და საელჩოს, ვინც აბულინგებდით ამ მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს.

რა კანონის უზენაესობაზე საუბრობთ?! მათ შორის, თქვენი კვლევებით, კანონის უზენაესობით საქართველო ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორის, ნატო-ს თერთმეტ სახელმწიფოს. საქართველოში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა არის 50 პროცენტზე მეტი, მათ შორის, თქვენი კვლევებით. შეგახსენებთ: თქვენს ქვეყანაში, ამერიკაში, თქვენი მოსახლეობის მხოლოდ 25 პროცენტი გენდობათ, what are you talking about, my friend? გაოგნებული ვარ. მე არ ვიცი, თქვენ რა არგუმენტებს ეყრდნობით.
დღემდე ველოდებით, სანქცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ რის საფუძველზე იხელმძღვანელეთ. არგუმენტები წარმოადგინეთ, იქნებ მართლები ხართ? კაპიტან გიგაურის მიერ გადაგზავნილ შეფასებებს არ მივიღებთ, იმიტომ, რომ ეს ადამიანი თვითონ არის მარგინალი და ეჭვმიტანილი სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამონგრევის საქმეში. ეს ჩვენთვის არ არის ავტორიტეტი. თქვენ გელოდებით, იქნებ წარმოადგინოთ კონკრეტული არგუმენტი, თუ არადა, ბოდიში მოუხადეთ, მათ შორის, მოსამართლე ჩხიკვაძეს, ვისზე სარჩელიც სტრასბურგმა განხილვაში არ მიიღო. თქვენ კი დაასანქცირეთ და მისი ოჯახი აბულინგეთ. თქვენი ინიციატივით, შემდეგ, ადგილობრივმა უსამშობლოებმა ეს გააკეთეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.