“ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს ისევ მიაჩნია, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუმპირებული მოსამართლეები არიან, უფრო მეტიც – მათი საქმეების გამოძიებისკენ მოგვიწოდებს. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუ რამე ინფორმაცია აქვთ, გადმოსცენ ქართულ მხარეს და ჩვენ მერე აუცილებლად მივხედავთ”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის – მეთიუ მილერის სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას – “საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, მოვუწოდებთ მთავრობას, გადადგას ნაბიჯები კორუმპირებული აქტორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უზრუნველსაყოფად”.

“ასეთი განცხადებები დიდ ნდობას არ იწვევს ჩვენს საზოგადოებაში იმ ფონზე როცა მათ მიერ დაწუნებულ მოსამართლის გადაწყვეტილებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო იწონებს, როგორც ეს მოხდა ნიკა გვარამიას მოსამართლის – ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში. ამ ყველაფერს ემატება თავად ამერიკელების დაბალი ნდობის ხარისხი თავიანთი სასამართლოს მიმართ, და ამ ინფორმაციას მათი საკმაოდ ცნობილი მედია საშუალება CNN-ი ავრცელებს! ამიტომ, ხომ არ ჯობს, ჩვენთან მიმართებით რაიმე განცხადების გაკეთებამდე, ჯერ საკითხი გადაამოწმონ. საქართველოში სახელგატეხილი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო სექტორის ბრმად დაჯერებამ არაერთი სერიოზული უხერხულობა წარმოქმნა, რაც ნამდვილად არ უხდება სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას”, – წერს ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის“ გვერდზე.