პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ “X-ზე” გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო: “სპეცნაზი” წყლისა და გაზის ბალონებით მზად არის, გადავიდეს მოქმედებაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. დაკავებები გრძელდება“.

„სამარცხვინო სალომე ზურაბიშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით დრამატულ შედეგებს აანონსებდა; ამბობდა, რომ პოლიცია და “სპეცნაზი” მობილიზებული იყო, რათა გასწორებოდნენ მოქალაქეებს. ამის საპირისპიროდ, პოლიცია ღირსეულად და მშვიდობიანი ფორმით მართავდა პროცესებს, აქციაც ყოველგვარი გამწვავების გარეშე დასრულდა.

ეს პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენებული პირი, რომელიც ადგილს მხოლოდ იმიტომ იკავებს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეიფარა, პოლიტიკური პროცესების პროვოცირებისა და ესკალაციისთვის ყველაფერს აკეთებს. ეს მის ქმედებებში ახალი თავია”, – წერს ნინო წილოსანი “ფეისბუკის” გვერდზე.