„მრავალწახნაგოვან საერთაშორისო მიღწევებსა და პროგრესს, რომლებითაც საქართველო ბოლო წლებში გამოირჩევა, ცხადია, ემუქრება ოკუპანტი რუსეთი და მისი სასარგებლო იდიოტი, დესტრუქციული “ნაცკონგლომერატი”, რომელიც ნებისმიერი ვერაგული ხერხით უშედეგოდ ცდილობს ვითარების გამძაფრებას“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

“არ გამოუვათ ვერც, ერთი მხრივ, დასავლურ აგენტოკრატიაში საქართველოს ვასალად ხილვის მოსურნეებს და ვერც, მეორე მხრივ, ჩრდილოეთიდან – აგრესორ იმპერიალისტებს. როცა ქართველი ერის უდიდესი ნაწილი ერთადაა, ნებისმიერი ავაზაკური, მრავალმილიონიანი სპეცოპერაცია ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ ფუჭია.

მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს მორიგი პროგრესი აღიარებულია როგორც მდგომარეობის ისტორიული გაუმჯობესება, – იუწყება საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრი “ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი”, რომლის შტაბ-ბინა სიდნეიშია.

საქართველო, როგორც გამორჩეულად პროგრესირებადი ქვეყანა, მშვიდობის შარშანდელ ანგარიშშიც აღნიშნეს. კერძოდ, 2023 წლის მშვიდობის ინდექსით, საქართველომ, მსოფლიო რეიტინგში პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53 ადგილზე გავიდა და მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი მიიღო. ამასთან, მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.
2024 წლის მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 6 ადგილით გაიუმჯობესა, 49-ე ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა.

2024 მშვიდობის ინდექსთან ერთად, ცალკე დოკუმენტად მშვიდობისა და ბიზნესის 2024 წლის ანგარიშიც გამოქვეყნდა, რომელიც აქცენტს სამთავრობო, სოციალურ და გარემოსდაცვით (ESG) სტანდარტებზე აკეთებს. საქართველოს პროგრესი ამ ანგარიშშიც აღინიშნა. მიღწეული გაუმჯობესების საფუძველზე, საქართველო იმ 10 ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც სამომავლოდ ყველაზე მაღალი პროგრესია მოსალოდნელი.

პოზიტიური მშვიდობა განიმარტება როგორც დამოკიდებულებები, ინსტიტუტები და სტრუქტურები, რომლებიც ქმნიან და ინარჩუნებენ მშვიდობიან საზოგადოებას.

მშვიდობის კვლევა ეფუძნება რვა საყრდენს:
– კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა
– ჯანსაღი ბიზნეს გარემო
– კორუფციის დაბალი დონე
– ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა
– ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე
– კარგი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან
– ინფორმაციის თავისუფლება
– რესურსების სამართლიანი განაწილება“, – წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.