„ზოგადად, მივესალმები, – ამ განცხადებაშიც, და რამდენიმე სხვა განცხადებაც ვნახე, სადაც, როგორც იქნა, საჯაროდაც ითქვა, თუ რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მათ შორის, როდესაც ეს არ ხდება თავისთავად, და ვხედავთ, რომ მალავენ ფონდები თავიანთ დაფინანსებებს… მისი საკანონმდებლო რეგულირება ხალხის სახელით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მწერალ ნაირა გელაშვილის მიერ „გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებული წერილის საპასუხოდ.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ნაირა გელაშვილი აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო თვლის, რომ საქართველოში შემოსული ფული უნდა იყოს გამჭვირვალე, ამის წინააღმდეგ არ უნდა წახვიდე, თუმცა, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი – ამის კონოტაცია ქართულ ენაში, ჩვენს სინამდვილეში, და საერთოდაც, ნიშნავს სამშობლოს მოღალატეს“ და, შესაბამისად, მოქალაქეთა უზარმაზარი მასა ამ კანონის შემდეგ სამშობლოს მოღალატედ ცხადდება.

„თუკი ვინმეს აქვს გარკვეული წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოეთიდან არის დაფინანსებული ესა თუ ის ღონისძიება და ამის წარმოჩენა, შესაძლოა, ნეგატიური კონტექსტით იყოს დანახული, მე ამას არ დავეთანხმებოდი. ჩვენ არ ვართ კუნძული, არ ვართ ცალკე აღებული კუნძულოვანი სახელმწიფო, ჩვენ ვართ, მათ შორის, ევროპული ოჯახის ნაწილი და ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით. ასევე, სხვა ქვეყნებიც გვეხმარებიან ჩვენ და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელებულა სწორედ უცხოური დახმარებით, – ამერიკას და ევროპას ვგულისხმობ. იდეაც ხომ ამაშია? რა არის ამაში დასამალი? კარგ საქმეებს რად უნდა დამალვა და კარგი საქმე როდესაც გამოჩნდება, ეს როგორ შეიძლება, ვინმემ ნეგატიურად დაინახოს? თუკი იქნება ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს თუნდაც კულტურული მემკვიდრეობის განვითარებაზე, ფერმერების დახმარებაზე, შშმ პირების დახმარებაზე, რომელიც ზრუნავს სხვა მიმართულებებზე – როდესაც ცნობილი იქნება, რომ ეს ღონისძიება ხორციელდება უცხოური ძალის დახმარებით, რა არის ამაში დასამალი, რა არის ამაში ცუდი, სათაკილო? ეს ვერ გამიგია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტს სწორედ ის ძალები ეწინააღმდეგებიან, რომლებიც თავიანთი დაფინანსებით ძირს უთხრიან საქართველოს სახელმწიფოებრიობას, კულტურასა და ტრადიციებს.

„პირიქით, საქმე იმაშია, რომ ამ პროექტს ეწინააღმდეგებიან ის ძალები, რომლებიც ჩუმად ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, ძირს უთხრის ქართველი ხალხის ინტერესებს. ამიტომ, თუკი ვინმეს წუხილი აქვს, როგორც ქალბატონ ნაირას იმაზე, რომ ამან შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს, მე ამაში ვერ დავეთანხმები. ერთია, რომ როგორც ჩანს, ვთანხმდებით იმაზე, რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი და, ზუსტადაც კანონმდებლობით, ხალხმა უნდა იცოდეს, როდესაც შემოდის უცხოური ფული. ჩვენ – ყველამ, მათ შორის თქვენც, უნდა იცოდეთ როგორც ჟურნალისტმა და როგორც მოქალაქემ უნდა იცოდეთ, ეს ფული რომ შემოვა და გურიაში დაიხარჯება, რა საკითხებს მოხმარდება – ამაზეა საუბარი. როგორც საბიუჯეტო იცით, ისე უნდა იცოდეთ “ენჯეო”. შესაბამისად, არაფერი დასამალი აქ არ არის და არც სათაკილო არ არის და ამისთვის ჩვენ მადლობასაც ვეუბნებით ყველა უცხოურ ძალას, უცხოელ პარტნიორების იმისთვის, რომ გვეხმარებიან. რა არის ამაში სათაკილო? – სათაკილო ეს იმისთვის არის, ვინც სინამდვილეში აკეთებს არაქართულ საქმეებს ამ ფულით და მათ უნდათ, რომ დამალონ ეს ყველაფერი და შემდეგ ან შემთხვევით გავიგოთ დაფინანსება, ან საერთოდ ვერ გავიგოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.