კონსერვატიული მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ განცხადებას ავრცელებს.

„საზოგადოება წლებია, თვალს ადევნებს, როგორ ხორციელდება ქართული სახელმწიფოს საყრდენების ჩამოშლის მცდელობა, რომელიც დაფინანსებულია უცხოური ფულით. გაწერილი გრძელვადიანი სტრატეგია მოიცავს: ეკლესიის დისკრედიტაციას; ოჯახის ინსტიტუტის მოშლას; განათლების ჩანაცვლებას ინდოქტრინაციით; ტრადიციული ღირებულებების ჩანაცვლებას ვითომ პროგრესულობით; LGBT-პროპაგანდის საშუალებით, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის ნორმად დანერგვას.

ჩვენ ვნახეთ, რომ როგორც კი ამ ყველაფრის გამოაშკარავების საფრთხე დაუდგათ, ერთი მესიჯით ალაპარაკდა ყველა, ვინც აღნიშნულ სცენარში მონაწილეობს ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და თბილისშიც. ჭეშმარიტად დასავლურ ღირებულებას − გამჭვირვალობას – უპირისპირებენ სიყალბეს და მხოლოდ ფსევდოპატრიოტულ ლოზუნგებს. სინამდვილეში კი, მთელი ამ პროცესის სახე გახდა ორი გზავნილი აქციებიდან: 1. ფოტო, რომელზეც ევროკავშირის დროშაში გახვეულ მოქალაქეს საბელით ჰყავს გამობმული ძაღლი, რომელსაც საქართველოს დროშა აქვს შემოხვეული; 2. ეს იყო ილიასეული ტრიადის − “მამული, ენა, სარწმუნოება” – რევიზიის მცდელობა და კორექტირებული ვერსიის შემოთავაზება − მამული, ენა, ერთობა…

აღნიშნული ორი შინაარსობრივი გზავნილი გამოკვეთს ბრძოლის რეალურ არსს. ეს არის დაპირისპირება სუვერენულ, ღირსეულ, ქრისტიანულ საქართველოსა და ვიღაცის поводок-ზე გამობმულ, იდენტობაწაშლილ საქართველოს შორის! ამიტომ, კონსერვატიული მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ უერთდება 29 აპრილის შეკრებას, რომელიც არის არა მხოლოდ პარტიული ღონისძიება, არამედ ეს არის ქართველი ხალხის ერთიანი პასუხი ჩვენი ქვეყნისთვის საყრდენის ჩამოშლის მცდელობაზე!“ – ნათქვამია განცხადებაში.