„ევროპელები ღარიბდებიან“ – ამ სათაურით სტატიას “The Wall Street Journal-ი” აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, ევროპელები ახალი ეკონომიკური რეალობის წინაშე დგანან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ გამოუცდიათ.
“ევროპელები ღარიბდებიან. კონტინენტზე ცხოვრება სწრაფად კარგავს მომხიბვლელობას, რადგან ევროპელები ხედავენ, რომ მათი მსყიდველუნარიანობის ჩამოშლა ხდება. წლის დასაწყისში ევროპა რეცესიაში ჩავარდა.
ასეთი ყოვლისმომცველი ინფლაცია ევროპას 1970-იანი წლების შემდეგ არ ახსოვს. ინფლაციისა და არსებული მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, გერმანიაში ხელფასები 2019 წლიდან, დაახლოებით, 3%-ით შემცირდა, იტალიასა და ესპანეთში – 3.5%-ით, ხოლო საბერძნეთში – 6%-ით. “OECD-ის” მონაცემებით, აშშ-ში რეალური ხელფასები იმავე პერიოდში, დაახლოებით, 6%-ით გაიზარდა.
გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, სახელმწიფო ხარჯების შემცირებამ განსაკუთრებული დარტყმა მიაყენა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ჯანდაცვის სისტემებს, განსაკუთრებით – დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნულ სამსახურს.
ლონდონში მცხოვრები საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნოა კოენი: “ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სიცოცხლე გაიყინა”.
მისივე თქმით, აშშ-ში მას იმავე სფეროში ოთხჯერ უფრო მეტი ხელფასი ექნებოდა. კოენის ხელფასი ახლახან გაიზარდა 10%-ით, მაგრამ ზრდა ინფლაციამ მთლიანად შთანთქა. ის ამბობს, რომ მისი მეგობრები კვერცხუჯრედებს ყინავენ, რადგან მათ არ შეუძლიათ შვილების გაჩენა უახლოეს მომავალში, შესაბამისი პირობების არქონის გამო.
ინგლისის ერთ-ერთი ბანკის მთავარი ეკონომისტი ჰაუ პილი: „დიახ, ჩვენ – ყველა – უარეს მდგომარეობაში ვართ და მზარდი ფასების უფრო მაღალი ხელფასებით კომპენსირება მხოლოდ უფრო მეტ ინფლაციას გამოიწვევს“.
ევროპულ მთავრობებს თავდაცვის ხარჯების გაზრდა თავიანთი მოსახლეობისთვის გადასახადების გაზრდის ფასად მოუწევთ, ეს კი, თავის მხრივ, ადამიანებზე ზეწოლას გაზრდის“.