„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს სხვადასხვა ახალგაზრდულ ბანაკში უკრაინელი ბავშვების დასვენებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მათთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სტუმრობის მნიშვნელობას აფასებს.
„თუკი არსებობს ქართული სტუმარ-მასპინძლობის უმაღლესი დონე, ის გამოვიჩინოთ უკრაინელი მებრძოლების შვილების მიმართ, რომლებიც ამჟამად საქართველოს სხვადასხვა საზაფხულო ბანაკში ისვენებენ. მათ შორის არიან ობლებიც, მათ შორის არიან ფრონტის წინა ხაზზე დღესაც მებრძოლი მამების, ომის კოშმარით გადაღლილი შვილები. ამ ბავშვებთან პრემიერ-მინისტრის სტუმრობა არის ქართველობისა და მართლმადიდებლობის გამოვლინება, სწორედ რომ სახარების პრინციპით: „ხოლო როცა შენ გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა”.
ღმერთმა ეს პატარა უკრაინელები უახლოეს ჟამს საკუთარ სამშობლოში მშვიდობით დაასაჩუქროს, საქართველოდან სახლში დაბრუნებულები ცოცხალ და ჯანმრთელ მშობლებს ჩაახუტოს, ხოლო ქართველ დედებსა და მამებს თავიანთი შვილებისთვის ამ უკრაინელი ბავშვების ხვედრი თავიდან ააცილოს”, – წერს დავით ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.